ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები უმნიშვნელოვანესი საკითხია

11/03/2024

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია – „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. როგორც მისასალმებელ სიტყვაში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, გარკვეულწილად, შესაძლოა ლატენტური მოვლენა იყოს და ისე არ ჩანდეს საზოგადოებაში, თუმცა მისი გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე და ზოგადად, საზოგადოების სიჯანსაღეზე ძალიან დიდია.

„თუ სხვადასხვა კვლევის მონაცემებს ვნახავთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის გავლენა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება სხვა დაავადებების იყოს, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ისევე როგორც, ყოველდღიურ კეთილდღეობაზე და საკუთარი ემოციების თუ სტრესის მართვის უნარებზე ადამიანებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია თემატური მოკვლევის შედეგების მოსმენა, რადგან ერთი მხრივ, მოვისმინოთ რა გამოწვევებია ამ კუთხით საქართველოში და მეორე მხრივ, ვნახოთ რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით გააკეთოს იმისთვის, რომ ამ საკითხზე გადავდგათ სათანადო ნაბიჯები, იქნება ეს საკანონმდებლო თუ საზედამხედველო ხასიათის. ასევე, რა თქმა უნდა, ეს მიგნებები მნიშვნელოვანი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევის სხვადასხვა გამომწვევებს შორის ერთ-ერთი არის ნარკომანია.

„ნარკოდანაშაულზე, სამწუხაროდ, რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის, ქვეყნის გარშემო და რეგიონში არსებულმა სხვადასხვა კრიზისულმა, თუ კონფლიქტურმა მოვლენებმა გავლენა იქონია ნარკოტრეფიკის მხრივ, თუმცა ამ მხრივ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. აქვე უნდა აღინიშნოს მიმართულება, რომელიც ეხება მომხმარებლებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს ის ჰუმანური პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია დამკვიდრდა, რომელიც ერთი მხრივ, უნდა იყოს პრევენცია, რომ ადამიანები ამ სენით არ დაავადდნენ და მეორე მხრივ, მიეხმაროს ადამიანებს, რომ თავი დააღწიონ ამ სენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო კომიტეტებს მხარდაჭერა გამოუცხადა მსგავსი ხასიათის კვლების ჩატარებაში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თემატური მოკვლევის ინიციატორი და აქტიური მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იყო.

„თემატური მოკვლევა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გარკვეულ სისტემაში აქცევს კომიტეტების მუშაობას სხვადასხვა საკითხებზე, როგორც სიტუაციის ანალიზის მხრივ, ასევე, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ კომიტეტმა ამ საკითხზე იმუშავა და ინიციატორიც და აქტიური მონაწილეც ოპოზიცია იყო. ამიტომ, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავხადო ქალბატონ ანა წითლიძეს, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის იდეაც იყო ამ თემაში უფრო ჩაღრმავება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რაც აჩვენებს საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმ თემებს, სადაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ვიმოქმედოთ ყველამ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და თემატური მოკვლევის ჩატარების მიზნებსა და მიზეზებზე, პროცესის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ. მისი თქმით, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობა ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევაა და ამ მიმართულებით ჯანმრთელობაშერყეული ადამიანების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და ღირსეულ წევრად დაბრუნება არის დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი არსი და მთავარი პროცესი ქვეყანაში.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში არის და რჩება ჯერჯერობით გამოწვევად. ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენი დონორი ორგანიზაციების თანადგომით შევძელით და 2023 წლის ივნის – დეკემბერში ეს თემატური მოკვლევა განვახორციელეთ“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემატური მოკვლევის სახით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ სივრცეში განხილვა ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებობს, გადაიჭრას სისტემური და გრძელვადიანი სტაბილური მიდგომების პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა, საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელმა კრის რეილიმ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა. თემატური მოკვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრმა, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ანა წითლიძემ გააცნო.

„ამ თემატური მოკვლევის ანგარიშის მიზანია ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა. ვიმედოვნებ, ეს თემატური მოკვლევა ერთი ნაბიჯით მაინც დაეხმარება ამ სფეროს გაჯანსაღებას და ერთი ნაბიჯით მაინც დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, ექიმები. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK International Development-ის დაფინანსებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0