ქალაქ ოზურგეთს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობდა

04/03/2017

ქალაქ ოზურგეთს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვიცე-პრეზიდენტი და დასავლეთ საქართველოს რაგბის კოორდინატორი გაიოზ მონიავა, კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე და რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი ქალაქ ოზურგეთში რაგბის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობა და ადგილობრივ დონეზე რაგბის განვითარების საკითხების დასახვა იყო. შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,არწივები“ მოინახულეს და არსებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დადებითად შეაფასა სარაგბო კლუბ ,,არწივები“-ს დღევანდელი მდგომარეობა და ქალაქის მერს კლუბის წინსვლაში შეტანილი წვლილისა და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უნდა წახალისდეს საბავშვო კლუბი და თაობების აღზრდა საწყისი ეტაპიდან უნდა დაიწყოს. პირველად ოზურგეთის რაგბის ისტორიაში, ქალაქის მერიის მიერ სარაგბო კლუბი ,,არწივები“-ს დაფინანსება 80 000 ლარით გაიზარდა. ასევე, ქალაქის მერის ინიციატივით, მორაგბეებს ხელფასები პირველად დაენიშნათ. შეხვედრაზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სარაგბო კლუბ “არწივები“-ს საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი: “რაგბი, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა, სადაც სერიოზული წარმატებები გვაქვს. რაგბი არა მარტო სპორტი, არამედ ქართველების შემართების, გუნდურობისა და ძალების გაერთიანების საუკეთესო მაგალითია. სწორედ ამიტომ, ჩემი მერობის პერიოდში კლუბის დაფინანსება 80 000 ლარით გავზარდეთ და პირველად, კლუბის ისტორიაში მორაგბეებს ხელფასი დავუნიშნეთ. “არწივები“-ს მეტი წარმატებისა და გამარჯვებისათვის ქალაქის მერია შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოიყენებს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ თალაკვაძე, როგორც საპატიო პრეზიდენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლუბის წინსვლასა და განვითარებაში.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0