“ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

30/09/2016

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და გრაფიკული დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული დამწერლობის შესახებ პირველი სრულყოფილი გამოცემის – „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი პირველი გამოცემაა, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს ქართულ დამწერლობისა და შრიფტის განვითარების ეტაპებს საუკუნეების განმავლობაში.
პროექტი გრაფიკული დიზაინის ასოციაციამ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ქართუ”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, “თიბისი” ბანკის, თბილისის მერიისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” მხარდაჭერით განახორციელა.

ქართული ანბანისა და შრიფტის განვითარების ამსახველი ალბომის შექმნის იდეა 1990-იან წლებში ქართულ შრიფტზე ვიზუალური ინფორმაციის სიმწირის გამო დაიბადა. წიგნის დიზაინზე მომუშავე მხატვრები შრიფტებისა და დამწერლობის ძველი ნიმუშების შეგროვებაზე მეცნიერებთან, შრიფტის სპეციალისტებთან, კოლექციონერებთან, მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, არქივებთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში წარმოდგენილია ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი, ასევე – ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების ულამაზეს ნიმუშები, ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე; წიგნის მეორე ნაწილი წარმოაჩენს ქართული ტიპოგრაფიკის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს ფონტებამდე.
მოძიებული უნიკალური მასალის მიხედვით შექმნილი ტექსტები საფუძვლად დაედო ცნობილი თანამედროვე მწერლის, აკა მორჩილაძის სტატიებს.

„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ პირველი მსხვილტანიანი გამოცემაა, რომელიც ასახავს ქართული დამწერლობის განვთარების გზას პირველი პალეოგრაფიული ძეგლებიდან უახლეს შრიფტებამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0