ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება

30/05/2017

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი. JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს, სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს. მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან – ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0