ქობულეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

07/04/2017

ქობულეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელიც ბოშების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აქციაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა სახის სამომხმარებლო ნივთები და ტანსაცმელი თანატოლი ბოშებისათვის შეაგროვეს. შეგროვებული ნივთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დღეს მეხუთე საჯარო სკოლაში მიიტანეს, რომლებიც გელაურის დასახლებაში მცხოვრებ ბოშებს დაურიგდება. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრებს საზეიმოდ შეხვდნენ. მათ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. 1971 წლის 8 აპრილს ლონდონში გამართულ ბოშების პირველ საერთაშორისო კონგრესზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა, ეროვნული ჰიმნი და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს. საქველმოქმედო აქცია გამგეობის განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0