ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება

06/02/2021

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ნათია თურნავა ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების გააქტიურებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება.

“პრაქტიკულად, 2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა – 18 დახლი 10-ის ნაცვლად, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1,200 მგზავრს. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვისა და ტურიზმის გაჯანსაღების და ძველ ნიშნულების ფონზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.
მინისტრთან ერთად, აეროპორტში არსებული ვითარება დაათვალიერეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0