ყვარელში რეაბილიტირებული ქუჩები საზეიმოდ გახსნეს

11/05/2017

ქალაქ ყვარელში რეაბილიტირებული ილია ჭავჭავაძის და რაჭის ქუჩის 1200 მეტრიანი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოადგილეებთან, ყვარლის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯემალი შავერდაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ქადაგიშვილმა შეკრებილ ყვარლელებს სიტყვით მიმართა, განახლებული ქუჩების გახსნა მიულოცა და უკვე დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. პროექტი, (რომლის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ქუჩის ცენტრალური ნაწილის 900 მეტრიან და რაჭის ქუჩის 300 მეტრიან მონაკვეთზე ამორტიზებული სანიაღვრე არხების ნაცვლად, დახურული ტიპის სანიაღვრე არხები მოეწყო, დაიგო ორფენოვანი ასფალტი, სანიაღვრე არხების ადგილზე მოეწყო ტროტუარები და გაზონები, დაიხაზა და შეიღება ღერძულა ხაზი და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები) რეგიონალური ფონდიდან დაფინანსდა და ჯამში 1 755 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „სერპანტინმა“ შეასრულა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გასული წლის წლის 4 აპრილს დაიწყო და ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში დროულად დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0