ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა მონაწილეობას ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მასთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად იქნება დასჯილი

04/12/2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„დღეს, ჩვენი საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია იმ შემზარავ ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში მოხდა. პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოების ყველა მხარეს, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს გვაქვს ერთობლივი პოზიცია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა მოხდეს სწრაფად, ეფექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად.
1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, N4-ში შეიკრიბნენ 51-ე სკოლის მე-11 კლასელები. მათთან ერთად იმყოფებოდა ამავე სკოლის მე-8 კლასელი. მათ შორის მოხდა კონფლიქტი, რომელშიც, მე-8 კლასელის თხოვნით, თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, 2001 წელს დაბადებული ლევან დადუნაშვილი, მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, დადგენილია ამ ფაქტის ჩამდენი და მას ბრალი აქვს წაყენებული, მიმდინარეობს გამოძიება.
მეორე ბრალდებული – 2001 წელს დაბადებული დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ასევე, იდენტიფიცირებულია, მაგრამ ჯერ არ არის დაკავებული. მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს, დაახლოებით, 150 პირი, ესენი გახლდნენ არასრულწლოვნების მშობლები, ოჯახის წევრები, ასევე, მათი კანონიერი წარმომადგენლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ცოტა ადამიანმა გამოთქვა. ეს არის ძალზე სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის სწორად აღქმა ჯერ კიდევ არ ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე, როგორც განათლების სამინისტრომ და საზოგადოების სხვა წევრებმა, მოქალაქეებმა, რომლებიც აქტიურ პოზიციას იჭერენ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები არსებობდეს. სხვანაირად ვერ შევძლებთ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას.
მინდა, გამოვეხმაურო იმ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოიწვია ერთ-ერთი მოწმის მამის მთავარ პროკურატურაში მუშაობის ფაქტმა. მსურს აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ლეგიტიმურ შეკითხვებს მთავარმა პროკურატურამ პასუხები უკვე გასცა და ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა, თავისივე სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა, რათა არ მოხდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია ისეთი მძაფრი და სენსიტიური თემის, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.
ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციაში ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. როდესაც გამოძიების პროცესი დასრულდება, ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა მონაწილეობას ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მასთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად იქნება დასჯილი.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0