შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნა

16/07/2016

პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი დაიწყო. 15 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელის, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნა.
მუსიკოსმა ქართველ მსმენელს პროექტი QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) თავად წარუდგინა და 3 ახალგაზრდა ნიჭიერი ვირტუოზი – რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯაკობ კოლიერი გააცნო. მუსიკოსებმა მსმენელს 4 საათიანი პროგრამა შესათავაზეს. კონცერტმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტით კმაყოფილება გამოთქვეს თავად პროექტის მონაწილე მუსიკოსებმაც.
ალფრედო როდრიგესი: „ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტმა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სიმღერის ტექსტი აქ შეკრებილმა აუდიტორიამაც ზეპირად იცოდა“.
ჯაკობ კოლიერი: მსმენელი სავსე იყო სიცოცხლით, ენერგიით და სითბოთი, რაც ალბათ, დამახასიათებელია ქართველებისთვის. პირველად ვარ საქართველოში და ვფიქრობ, აუცილებლად დავბრუნდები.
საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.
2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends -ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.
ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზ-ბენდები გამართავენ.
ფესტივალის პროგრამა:
• 15 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი-QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier
• 16 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MILES ELECTRIC BAND
• 17 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Ms. Lauryn Hill
• 21 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – THE PRODIGY
• 22 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIE CULLUM
• 23 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Chris Brown
• 24 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MACY GRAY

Tweet about this on TwitterShare on Facebook0