ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

04/10/2017

„ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ვიცით, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის სწორი ეკონომიკური ხედვა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ე.წ. ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, რომ თითქოს ჯგუფმა „ქართუმ“ ერთ ლარად მიითვისა მიწები და ა.შ. ქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იხარჯება მის განხორციელებაში. დღეის მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული და როდესაც დასრულდება სამუშაოები, შეიქმნება 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამის გამო იბრძვის დღევანდელი ოპოზიცია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არ უნდათ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და იყვნენ კმაყოფილი ოჯახები“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0