ჩვენი მთავარი მიმართულება – ევროპული სენაკის შენება – მხოლოდ ქალაქის იერსახეს არ გულისხმობს

26/11/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის, ინიციატივით დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტში არსებული ქუჩები საარჩევნო პლაკატებისგან გათავისუფლდება.
აქციაში მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
,,ჩვენი მთავარი მიმართულება – ევროპული სენაკის შენება – მხოლოდ ქალაქის იერსახეს არ გულისხმობს. თანამედროვე ქალაქი მოქალაქეთა მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს, წესრიგს, დისციპლინას და ცივილურ საზოგადოებას ეფუძნება.
თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, მის განვითარებასა და უკეთეს მომავალზე. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, გაუფრთხილდნენ გარემოს, ეზოს, ქუჩას, ქალაქს და ქვეყანას.
მე მაქვს ამბიცია, სენაკი იყოს ქვეყანაში ყველაზე სუფთა და მოვლილი ქალაქი. დღეს, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა, ქალაქი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან დავასუფთავეთ. ეს უმნიშვნელო ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც თანამედროვე, მოვლილი და სუფთა სენაკი ქვია.
დასუფთავდა ის ლოკაციები, სადაც ჩვენი სააგიტაციო მასალა იყო გაკრული. ასევე, მოვუწოდებ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე. მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით უკეთესი სენაკისთვის!“ – განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა.
ქალაქის საარჩევნო პლაკატებისგან დასუფთავების მასშტაბური აქცია გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0