ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ

18/10/2018

17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები.

ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს გააცნეს ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენენ და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე შედგა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭოს“ წევრების წარდგენა და დაფუძნების დოკუმენტზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. მრჩეველთა საბჭოს წევრები გახდნენ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მიხეილ ბატიაშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; მაია ცქიტიშვილი – ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა საკითხებში; ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ნინო ჭელიძე – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ზამბახიძე – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; საბა ბუაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი; სოსო გალუმაშვილი – საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” პარტნიორი; ჟან ფრედერიკ პოლსენი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0