ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას

08/04/2016

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო.

როგორც prof-news-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში თინა ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დიდი ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები დეკემბერში გამართულ ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე მიღებული ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩებიან და საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლობენ. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედროების მონაწილეობასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემები იყო ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და თანამშრომლობა ევროკავშირთან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თინა ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას. თინა ხიდაშელმა ხაზგასმით გამოყო რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მისი თქმით, მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0