ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები პოლონეთის რესპუბლიკასთან

20/04/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და დღეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი სწორედ ამ შეთანხმების გაგრძელებაა.

„ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები პოლონეთის რესპუბლიკასთან. პოლონეთის რესპუბლიკა მთელი ამ წლების განმავლობაში დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ჩვენს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ჩვენ, ვაფასებთ, ბუნებრივია, ამ თანადგომას ჩვენი პოლონელი მეგობრების მხრიდან. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ გავაღრმავოთ და სტრატეგიულ დონეზე ავიყვანოთ თანამშრომლობა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე, და ზუსტად ამ შეთანხმების გაგრძელებაა ის დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ამ დადგენილების საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, ჩვენი ორი ქვეყნის პარლამენტების მონაწილეობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს დადგენილების პროექტი, ასევე, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა გააცნო და განაცხადა, რომ დელეგაციაში უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების პროპორციული წარმომადგენლობა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი აბესაძე, გიორგი ბეგაძე, თინათინ ბოკუჩავა , ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული შედიან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0