ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს კურორტებზე

07/06/2017

დღეს კურორტ შეკვეთილში, ჩეხეთის საელჩოს თანადგომით კომპანია “L&R” – ის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ჩეხურ – სლოვაკური პროექტი სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს. კომპანიებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში შეკვეთილში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილე, ბადრი გობრონიძე, ჩეხი და სლოვაკი ინვესტორები დაესწრნენ. გამგებელმა კომპანია “L&R” – ის დირექტორთან, ლევან შერაზადაშვილთან ერთად კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. “L&R” – ის პირველი პროექტის – სასტუმრო „ ლაგუნა შეკვეთილთან“ გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო ლენტიც გაიჭრა.
„მივესალმები უცხოელ ინვესტორებს და სტუმრებს. მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ აირჩიეს შეკვეთილი და თავისი ბიზნესი აქ დაიწყეს. ჩეხურ – სლოვაკურმა კომპანიებმა საქართველოში არაერთი პროექტი განახორციელეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ საინვესტიციო ჯგუფებთან. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს კურორტებზე და კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნას,“- განაცხადა გამგებელმა. ჩეხურ – სლოვაკური კომპანიები მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეკვეთილში კიდევ 20 მილიონ ლარს დახარჯავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0