ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, სამედიცინო მომსახურება გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი

10/05/2020

იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. დღეიდან, თერჯოლისა და წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული შენობები პირადად დაათვალიერა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის ის, რომ სამედიცინო მომსახურება გავხადოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მათთვის, შესაბამისად, ჩვენ ავაშენეთ სასწრაფო დახმარების სამი ახალი შენობა, დღეს გავხსენით თერჯოლასა და წყალტუბოში, ხვალ გავხსნით ვანში. იცით, რომ შარშან რამდენიმე ათეული ამბოლატორიული ცენტრი გავარემონტეთ სოფლებში, მიმდინარეობს სოფლის ექიმების გადამზადება და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედპერსონალს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს.

“წყალტუბოსა და თეჯოლის მუნიციპალიტეტებში გავხსენით სასწრაფო დახმარების ახალი შენობები, არასდროს ამ სამსახურს საკუთარი შენობა არ ჰქონია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პერსონალს ჰქონდეს ღირსული სამუშაო პირობები. ასევე ხვალ ვაპირებთ, რომ ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრი გაიხსნას, ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში მუდმივად გაგრძელდება. ჩვენ შარშანაც გავხსენით ბევრი შენობა, ასევე გავაგრძელებთ და ქვეყნის მასშტაბით ყველა სასწრაფო დახმარების სამსახურს ექნება ახალი შენობა, რაც მნიშვნელოვანია და გააუმჯობესებს კიდევ უფრო გადაუდებელი დახმარების ხარისხს”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება წყალტუბოს, პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0