ხმალაძემ კოდექსი გააყალბა, მოვითხოვთ პრეზიდენტის ვეტოს

05/07/2016

გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების უფლებებს ლახავს.
”დემოკრატიული მოძრაობა” იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

”დანაშაულებრივი საარჩევნო კოდექსი, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ საარჩევნო სისტემის, გერმანულ მოდელში გაცვალეს და „ქართული ოცნების“ ხმებით სამი მოსმენით მიიღეს, პრეზიდენტს პარასკევს გადაეგზავნა. ახლა უკვე მხოლოდ გიორგი მარგველაშვილზეა დამოკიდებული საარჩევნო გარემო ქვეყანაში გაუარესდება თუ არა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და ხელს არ მოაწერს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ლახავს პოლიტიკური პარტიების უფლებებს, გვართმევს იმას, რაც ჩვენ ხალხის და არა „ქართული ოცნების“ მიერ, კანონით, კონსტიტუციით, არჩევნების შედეგებით გვქონდა მონიჭებული და უკიდურესად გვიუარესებს მდგომარეობას.
ესაა გაყალბებული კოდექსი, რადგან მეორე მოსმენისას, ცვლილებების ავტორს, ვახტანგ ხმალაძეს არც კომიტეტის სხდომაზე და არც პლენარულ სხდომაზე განხილვისას, არ წარმოუდგენია ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომლითაც მაუწყებლების პირობები უკიდურესად რთულდებოდა. ცვლილებების მიხედვით მაუწყებლებს, ადრე არსებული სამი საათის ნაცვლად, საეთერო დროის განაწილება ყოველ ერთ საათში უნდა მოეხდინათ. ხმალაძემ იცრუა, როგორც კომიტეტის, ისე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში არავითარი ცვლილებები არ შესულაო.

მიუხედავად ამისა, მედიის მდგომარეობის გაუარესების საკითხი გავაჟღერეთ ჩვენც და თავად მედიის წარმომადგენლებმა, თუმცა კანონპროექტი მეორე მოსმენით მაინც დაამტკიცეს.

მესამე მოსმენისას იურიდიულმა კომიტეტმა და ხმალაძემ ზეწოლის შედეგად, კვლავ შეცვალეს პოზიცია და დროის განაწილების ძველი ვარიანტი დააბრუნეს კანონში, ანუ შინაარსობრივი ცვლილება განახორციელეს მესამე მოსმენისას, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.
შედეგად მივიღეთ გაყალბებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც აუარესებს კვალიფიციური პარტიების მდგომარეობას, არღვევს კონსტიტუციას, არღვევს რეგლამენტს და უკიდურესად აუარესებს საარჩევნო გარემოს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ სხვა პარტიებისათვის უფასო სარეკლამო დროის მინიჭება შესაძლებელი იყო ისე, რომ არ შელახულიყო ჩვენი კანონიერი უფლებები. ინტერპარტიულმა ჯგუფმა პარლამენტს გადაუგზავნა კიდეც განსახილველად ამ პოლიტიკური პარტიებისათვის შემუშავებული კომპენსაციის მექანიზმები.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა არ გამოიყენა ვეტოს უფლება, „დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების არ შეეშინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0