2017 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა

2017 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა, ხოლო 7 თვეში წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,4% იყო.
მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
მშენებლობა – ზრდა 11.7%;
სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 16.4%;
ვაჭრობა – ზრდა 4.8%.
როგორც ცნობილია საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი და სამუშაო ადგილების შემქმნელი არის კერძო სექტორი. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარების მაჩვენებლების შეფასება.
კერძოდ, ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება – 18.9%-ით.
ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.0%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.0%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13.2%-ით არის გაზრდილი და 1 106.9 ლარს შეადგენს.
საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 14%); ხელოვნება, გართობა, დასვენების (ზრდა 39%), დამამუშავებელი მრეწველობის (19%), მშენებლობის (21%) და ენერგეტიკის სექტორებმა (21%) შეიტანეს.
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები. ამ მხრივაც დადებით ტენდენციებია.
კერძოდ, 2017 წლის 7 თვეში ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი:
სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 21%-ით;
ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით;
ღვინის ექსპორტი 38%-ით;
სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით;
სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.
და ბოლოს, განსაკუთრებით აღსანიშნავია შთამბეჭდავი მონაცემები ტურიზმის მიმართულებით.
კერძოდ, მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა – 1 მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 27.4%-ით მეტია. 24 საათი და მეტი ვადით დარჩენილი ტურისტების რაოდენობამ 573.4 ათასი ადამიანი შეადგინა (ზრდა 27.2%).
ზოგადად, უპრეცედენტო ზრდით გამოირჩევა არა მხოლოდ აგვისტო, არამედ მთლიანად ზაფხულის სეზონი. კერძოდ, 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს ესტუმრა 2.7 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი (ზრდა 28%), აქედან 24 საათი და მეტი დროით შემოვიდა 1.4 მლნ-ზე მეტი ტურისტი (ზრდა 32.7%).
მთლიანად 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი – 2.4 მლნ. ადამიანი (ზრდა 29.4%).
ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოთ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%).

Visited 163 times, 1 visit(s) today