2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს საქართველოში ვიზიტით მყოფი OGP-ის სამდივნოს წარმომადგენლები „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის გაფართოებულ შეხვედრაზე გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ერთობლივად განიხილეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წამყვანი თავმჯდომარე საქართველო 2017 სექტემბერში გახდება.
პარტნიორობის თავმჯდომარეობის ვადაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნები იქნება მოქალაქეთა ჩართულობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის გაუმჯობესება; გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში ინოვაციური იდეების ხელშეწყობა. საქართველო იმუშავებს, აგრეთვე, პარტნიორობის ცნობადობის ამაღლებაზე როგორც სახელმწიფოებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში. საქართველო, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, „OGP“-ის წევრ ქვეყნებს გაუზიარებს გამოცდილებას ღია მმართველობის მიზნების განხორციელების პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოს სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები ქვეყანას 3 აპრილს ეწვივნენ. „OGP“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორი პოლ მაასენი უკვე შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ბარამიძეს, აგრეთვე, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდან, არასამთავრობო სექტორს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას „OGP“-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.
საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით.
2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
05/04/2017