2024 წლიდან საქართველოში ფრენებს “ავსტრიის ავიახაზები“ დაიწყებს

21/12/2023

2024 წლის 2 მაისიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერირებას ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ დაიწყებს.

„მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში. 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა-თბილისი-ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0