28 მარტიდან თანამოქალაქეები ივლიან უვიზოდ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში

17/03/2017

„სულ რამოდენიმე დღეში, უკვე 28 მარტიდან თანამოქალაქეები ივლიან უვიზოდ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში და ჩვენი მიზანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ უვიზოდ მიმოსვლის დროს, რომ რაიმე საფრთხე არ შეიქმნას მომავალში.
ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამისათვის ყველა საინფორმაციო საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებს, მეტროდან დაწყებული სამარშუტო ტაქსებით დამთავრებული, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია როგორც უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ, ასევე, წესების დარღვევების შემთხვევაში იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც შეიძლება დაეკისროს მოქალაქეს. ასევე, არ უნდა მოხდეს მასიურად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდა. თუმცა დიდი იმედი მაქვს ჩვენი თანამოქალაქეების პასუხისმგებლობის, რომლებიც სწორად მიუდგებიან, კონკრეტულად შეისწავლიან ამ საკითხს და გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს.“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან.
17 მარტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან მოისმინეს.
სახელმწიფო მინისტრმა ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატება მიულოცა. იგი მიესალმა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმასრულებელი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობას. „ის თანამშრომლობა, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, არის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი. პარლამენტის ტრიბუნიდან საშუალება გვაქვს მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მით უფრო, ვიზის ლიბერალიზაციის მასშტაბური კამპანიის გაშლის ფარგლებში“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მან ამ წარმატების მისაღწევად, სახელმწიფოს მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ევროკავშირის მხრიდან. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარები არის ღია, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმიწევნით სწორედ მიმდინარეობს; ყველა რეფორმა, რომელიც გატარდა, იყო სწორი, გათვლილი და გეგმაზომიერი. ამიტომ ჩვენ, შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ახლა საჭიროა სწორი უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ არა მხოლოდ იმ სარგებელთან დაკავშირებით რითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ, არამედ იმასთან დაკავშირებითაც რომ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ერთგვარი პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0