ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა

19/08/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა. გაფართოებული შეხვედრა მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მიერ წარმოდგენილი იყო ანგარიში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები მავნებლის გავრცელების კერებში სრულად არიან მობილიზებულნი გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. როგორც მოწვეულმა ექსპერტმა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და რომ არა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, შედეგი გაცილებით მძიმე იქნებოდა. ასევე აღინიშნა , რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია ფერმერების ჩართულობა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფო თანმიმდევრულ და სისტემურ ღონისძიებებს ახორციელებს. „მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება და წამლობითი სამუშაოები ამ ეტაპზე სიმინდის ნათესებში მიმდინარეობს რაც აუცილებელი ღონისძიებაა იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. წლის ბოლოს კი მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავდება ღონისძიებების სამოქმედო გეგმა“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0