CEFC-მ დავით საგანელიძეს საპატიო მიღება მოუწყო

19/09/2017

ხუასინის ენერგეტიკულმა კორპორაცია CEFC-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს საპატიო მიღება მოუწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე შანხაიში ყველაზე მსხვილი კორპორაცია CEFC-ის მმართველ რგოლს შეხვდა.
შეხვედრაში CEFC-ის შანხაის ოფისის მმართველი წანგ ძიენ ძუნი, CEFC-ის პეკინის ოფისის გენერალური მენეჯერი, საინვესტიციო დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი, ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერი და ენერგეტიკული კორპორაციის სხვა მმართველი პირები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ჩინეთის ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცია CEFC-ის მენეჯმენტმა პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და CEFC-ის შორის გაფორმებულ მემორანდუმზე იმსჯელეს. მემორანდუმი CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ ამოქმედებას გულისხმობს, რომელიც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. თანამშრომლობა სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ სფეროებში შედგება.
„საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC-თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო. მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ, რაც საბოლოოდ, ერთობლივი ფონდის შექმნით დასრულდა. ახლადშექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს.
შეგახსენებთ, სიემენში გამართულ ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0