EPPO ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მხარდაჭერას გვპირდება

06/09/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში, მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ახლად გავრცელებული მავნებელი მწერის აზიური ფაროსანას საკითხზე გამახვილდა და ხაზგასმით იქნა აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხი. მარტინ ვორდმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამ მავნებელთან ბრძოლის დროს დაგროვილი გამოცდილება საერთაშორისო კომპლექსური კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით კი, საქართველოში გავრცელებული მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს. „მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის მარტინ ვორდის განცხადებით ისევე, როგორც საქართველოსთვის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციისთვისაც აზიური ფაროსანა ახალი გამოწვევაა. მისი თქმით, 2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა. მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა და მარტინ ვორდმა ქართული მხარის მიმართ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწობს ხელს. შეხვედრაზე მარტინ ვორდმა პირადად მიულოცა მინისტრს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს ფიტოსანიტარული მიმართულების თანამშრომლები ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0