JTEC-ში დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი დასრულდა

29/06/2017

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულ სამხედროებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა, სადაც JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებს კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.
JTEC-ში ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსი ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების შესწავლას და ასევე, დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწას ისახავდა მიზნად.
დღეიდან, კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-მაკონტროლებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სხვადასხვა სწავლებებში გამოადგებათ.
კურსი ლიტვურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღნიშნული სწავლება მიმდინარე წლისთვის რიგით მეორე კურსს წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0