საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ დააჯილდოვა და მადლობის სიგელები გადასცა.
2015 წლის 10 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების 3 რაუნდი და 2 სამუშაო შეხვედრა. მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულების ტექსტის შედგენაზე მუშაობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი – მარიამ გოცირიძე და ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი – ნინო ქაჯაია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები წამყვან როლს ასრულებდნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დებულებების, გამჭვირვალობისა და დავის გადაწყვეტის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში.