გიორგი დოხტურიშვილმა, სოფელ თელეთსა და ახალსოფელში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

03/04/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან ერთად სოფელ თელეთსა და ახალსოფელში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
სოფელ თელეთში, ადმინისტრაციულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ორივე სართულზე მოხდა დანგრეული ნაწილების დემონტაჟი, შეიცვალა დაზიანებული კარ-ფანჯარა, მოპირკეთდა ფასადი, მოეწყო კიბეები, პანდუსები, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის სისტემები, სველი წერტილები. ასევე, მოპირკეთდა ეზო და მოეწყო ავტოსადგომი. შენობის ნაწილი თელეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მოემსახურება. აქ მომუშავე პერსონალსა და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მქონე, განახლებული, მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცით ისარგებლონ. მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელიც განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ის ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის განვითარებას.
ორივე პროექტი განხორციელებულია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 370 000 ლარზე მეტი შეადგინა. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0