ეკა ბესელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში შეხვდა

14/02/2017

ეკა ბესელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები იყო ის მთავარი თემები, რაზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმერ შკოლნიკოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მხარეებმა განიხილეს გაეროს საზედამხედველო ანგარიშებისა და სხვა ანგარიშების საპარლამენტო განხილვის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვის საკითხზე.
„ჩვენ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისთან გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა ბოლო წლებში და მათთან ერთად მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც 2016 წელს პარლამენტმა მიიღო. ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელმაც საპარლამენტო კონტროლის კუთხით რეგლამენტში ჩაწერა, რომ გაეროს სადამფუძნებლო ორგანოების წინაშე ანგარიშებზე ზედამხედველობას ახორციელებს პარლამენტი. პარლამენტი აწყობს სპეციალურ მოსმენებს, იხილავს ამ ანგარიშებს და იძლევა რეკომენდაციებს. პარლამენტი, ასევე, ითავსებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საზედამხედველო პროცესს. ეს არის ორი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც ჩვენ გაეროს ამ ორგანიზაციასთან ერთად მოვამზადეთ. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ამ მიმართულებებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობას.
შევთანხმდით, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახული იქნება გაეროს საზედამხედველო ანგარიშების და სხვა ანგარიშების ერთობლივი მოსმენები იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მონაწილეობით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, თანამშრომლობა შედგება საკანონმდებლო პაკეტებზე პირველადი ექსპერტიზის კუთხით, კერძოდ, კი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადამიანის უფლებების კუთხით და გაეროს სტანდარტებიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაწვდის პირველად დასკვნებს, რაც კომიტეტს მუშაობაში დაეხმარება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში შესაძლებელია გაიმართოს სპეციალური მოსმენები, სადაც განხილული იქნება საქართველოსთვის გაეროს მიერ მიცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების საკითხები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იდეას და კომიტეტის სამოქმედო გეგმაში კონკრეტული თავის ჩაწერას, სადაც განსაზღვრული იქნება კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი.
მხარეებმა განიხილეს, ასევე, კომიტეტის აპარატის გაძლიერებისა და ამ კუთხით სპეციალური ტრენინგების ჩატარების საკითხები. „კარგი გამოცდილება, რაც ჩვენს ჯგუფს გაეროს ოფისთან თანამშრომლობის კუთხით აქვს, გვინდა გაგრძელდეს და ჩენარჩუნდეს მომავალშიც ეს მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0