თავდაცვის მინისტრი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო

12/05/2017

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, წმინდა მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებსა და სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მისი ქადაგების ძალა და მადლი გვანმტკიცებს ჩვენ ქრისტიანულ მრწამსში და, ღვთის წყალობით, მომავალ თაობებსაც განამტკიცებს რწმენაში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
სიონის საკათედრო ტაძარში განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, მღვდელმსახურები და მრევლი იმყოფებოდნენ.
წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც პირველწოდებული ეწოდა. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს – 12 მაისი წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 13 დეკემბერი – გადაცვალების.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0