თბილისი “დედამიწის საათს” შეუერთდა

25/03/2017

დღეს საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია “დედამიწის საათი” აღინიშნება. აქციას თბილისი უკვე მეცხრედ შეუერთდა. “დედამიწის საათის” მხარდასაჭერად ღონისძიება “დედაენის” ბაღში გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. აქციის ფარგლებში, ერთი საათით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობებისა და სამთავრობო შენობების ფასადებზე, ასევე სატელევიზიო ანძაზე განათებები გამოირთო. თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ “დედამიწის საათი” მსოფლიოში მეათედ, თბილისში კი მეცხრედ აღინიშნება. დავით ნარმანიას თქმით, დღეს მილიონობით ადამიანი, ერთი საათით, უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც უდიდეს თანადგომას და ზრუნვას გამოხატავს დედამიწის მიმართ. “ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ იცოდეს, თუ რამხელა საქმეს ვაკეთებთ იმით, რომ ერთი საათით მაინც ვზოგავთ ენერგიას. ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს გვემსახუროს ის რესურსები, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ” – განაცხადა თბილისის მერმა. 2017 წელს „დედამიწის საათი” ფოკუსირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონკრეტული ქმედებების განხორციელებაზე. განახლებადი ენერგიის, მდგრადი სურსათისა და სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების შესაბამისი კანონმდებლობისა და სამეწარმეო პრაქტიკის, ბუნების დაცვის პროექტებისა და სკოლებში კლიმატის შესახებ განათლების დანერგვის საკითხებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0