იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილა

01/03/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
კანონპროექტის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნ არანაკლებ სამ კანდიდატს. სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებული სააგენტოს უფროსის კანდიდატურას კომისია დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს.
საკომიტეტო განხილვის დროს აღინიშნა, რომ კანონპროექტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული ის შენიშვნები აისახა, რომელიც გაზრდის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს. მეორე მოსმენაზე წარდგენილი პროექტის თანახმად კი, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის უნდა წარედგინა თანამდებობაზე დასანიშნად სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურები.
ასევე, მეორე მოსმენით განხილვის დროს იქნა მიღწეული კომპრომისი სააგენტოს დებულების დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიის მიზნით, სააგენტოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ცალკე პროგრამული კოდით. სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობით.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა, კანონიერება, დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, საქმიანობის ღია და ფარული მეთოდების ერთობლიობა, კონსპირაცია, ერთიანობა და ცენტრალიზაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოცანებია: უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება:
ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას;
ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას;
გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას;
დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას;
ე) საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს;
ვ) ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას;
ზ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა განახორციელებს: პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კონტროლი განხორციელდება პარლამენტის ნდობის ჯგუფის მეშვეობით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე იმსჯელა, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
პროქტის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოსა და EFTA-ს წევრ სახელმწიფოებს (შვეიცარიის ფედერაცია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ისლანდია) შორის ამოქმედდება თავისუფული ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება EFTA-ს წევრი სახელმწიფოების ბაზარი, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას და 14 მილიონ მომხმარებელს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები აქტიურად ითანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით: სურსათის უვნებლობა, ტექნიკური რეგულირება, ვაჭრობის ხელშეწყობა და საბაჟო საკითხები, საქონლის წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, სახელმწიფო შესყიდვები, თავისუფალი კონკურენცია, ვაჭრობაში დაცვითი მექანიზმები, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და ასევე ჰორიზონტალური, სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სხდომაზე დამსწრე საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიესალმა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 იანვარს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ჩვენ გვქონდა ასეთი თანამშრომლობის გამოცდილება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ამ კარგ ტრადიციას ვაგრძელებთ. ეს არ იქნება გამონაკლისი შემთხვევა. ჩვენ ვაპირებთ სხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად თანამშრომლობის ფორმატის ახალი სივრცეები შევქმნათ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს შესაძლებლობა მიეცეთ სტუდენტებს დაესწრონ კომიტეტისა და პარლამენტის სხდომებს, მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტებზე მუშაობაში, მათზე დასკვნების მომზადებასა და საკომიტეტო განხილვებში, ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. სტუდენტებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია საკომიტეტო მოსმენებისა და კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი კომიტეტის დაინტერესების შემთხვევაში უზრუნველყოფს კომიტეტის წევრთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაგეგმილი ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ეს მისცემს შესაძლებლობას სტუდენტებს, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული პარლამენტის საქმიანობაში და საკანონმდებლო პროცესში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და გერმანიის ფედერალური პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ჰაიკე ბადენჰაუზენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0