კონსტიტუციის პრეამბულა არ შეიცვალა

23/06/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტები მეორე მოსმენისთვის განიხილა
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პრეამბულა არ შეიცვალა, რადგან მიჩნეული იქნა, რომ პრეამბულა დოკუმენტის ისტორიული ნაწილია და მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი უცვლელად დატოვება.
ირაკლი კობახიძე სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნაწილს დაეთანხმა, რომლებიც კანონპროექტში აისახა.
დიმიტრი ხუნდაძის წინადადების გათვალისწინებით, პროექტში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის როგორც თანაბარ სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, დემოგრაფიული განვითარებისათვის.
დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მოსაზრების გათვალისწინებით, კონსტიტუციის მე-5 მუხლში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების და თვითმყოფადობის დაცვაზე.
ამავე მუხლში ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.
პარლამენტის წევრის, გიორგი ხატიძის წინადადების საფუძველზე, შეიცვალა როგორც მე-8 მუხლის სათაური, ასევე ამ მუხლის ფორმულირებაც და მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა;
„მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
„რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“
მე-16 მუხლში, რომელიც რწმენისა და სინდისის თავისუფლებების საკითხებს არეგულირებს, დაემატა აღმსარებლობა და ამ მუხლის პირველ პუნქტს ექნება შემდეგი რედაქცია: „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება“.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, სხდომაზე გამოთქმული წინადადებების საფუძველზე, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის შემდეგი რედაქცია შესთავაზა: „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამოკნაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს მხოლდო ორგანული კანონით, რომლიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“. სხდომის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებას დაეთანხმნენ.
კანონპროექტის 33-ე მუხლში, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს შეეხება, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის წინადადებით ცვლილება შევიდა, კერძოდ: დაუშვებელი იქნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 35-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, გათვალისწინებული იქნა ვენციის კომისიის რეკომენდაცია.
„ვენციის კომისიას ჰქონდა ორი რეკომენდაცია სახალხო დამცველის გამწესებასთან დაკავშირებით. ერთი შეეხებოდა ვადის გაზრდას და ჩვენ, კომისიას ხუთლწლიანის ნაცვლად 6-წლიანი ვადა შევთავაზეთ. მეორე რეკომენდაციით გვირჩიეს სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა და შემოთავაზებულია 3/5-ის უმრავლესობა – 90 დეპუტატი აირჩევს სახალხო დამცველს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, სახალხო დამცველად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის შენიშვნა და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები.
„დაწესებულია სამი სახის ზღვარი. ერთი ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი ანუ 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს დამატებით მანდატების რაოდენობა ძირითადი მანდატების რაოდენობას. მეორე არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, როელიც დაკავშირებულია მათ შორის 35%-იან მაჩვენებელთანაც. თუ ბონუსით გამოდის 89 მანდატზე მეტი, მაშინ იკეტება ბონუსი და ყოველი შემდეგი მანდატი გადანაწილდება სხვა ბარიერ გადალახულ პარტიებზე. მესამე არის ფარდობითი აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბონუსითაც არ გიგროვდება 75 მანდატზე მეტი, მაგ შემთხვევაში ბონუსს აღარ იღებ და ჩვეულებრივად პროპორციულად ნაწილდება ეს მანდატები. ანუ მაქსიმალურად არის შეზღუდული რეალურად ბონუსი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომრემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით.
სხდომაზე გაზიარებული იქნა დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მოსაზრება 58-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს შეეხება. კერძოდ, აღნიშნულ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
„2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვინეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
3. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავარობის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ზე მეტის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტორობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში – მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერმინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან“.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ცვლილებები შევიდა აგრეთვე კანონპროექტის სხვა თავებშიც როგორც შინაარსობრივი და ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, მეორე მოსმენისთვის იქნა განხილული „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0