საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

20/11/2017

დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ“.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმიზაციას და ა.შ.
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები.
რასიმ ლიაიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მასთან ერთად საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუზიჩი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0