საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თავისი მოღვაწეობის შესახებ 3 წლის ანგარიში წარადგინა

19/10/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ თვითმმართველობის, აიპ-ების, შპს-ებისა და და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს თავისი მოღვაწეობის შესახებ 3 წლის ანგარიში ჩააბარა.
მალხაზ ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთში დაღუპული 25 გმირის ხსოვნას, რომლებიც 17 ოქტომბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
საუბრის დასაწყისში მან 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა: „ეს არ იყო ჩემი – მალხაზ ბაზაძის გამარჯვება პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს იყო სწორედ რომ ქართული ოცნების გამარჯვება თქვენთან ერთად!“
გამგებელმა მსმენელს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლის სისტემების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის, კულტურის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებში მიღწეულ წარმატებებსა და განხორციელებელ პროექტებზე უამბო და საზოგადოებას უკვე დაგეგმილი – 2018-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების მსხვილი ნუსხა წარუდგინა, გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული მოვლენები, რისთვისაც წინა და ახლანდელი მოწვევის პარლამენტში საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატებს, სამინისტროებს, სამხარეო ადმინისტრაციას, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებსა და რიგით თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს შემადგენლობას მადლობა გადაუხადა.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ერთგულად, პატიოსნად და სიყვარულით ვემსახურებოდი ჩემს საყვარელ მუნიციპალიტეტს, გემსახურებოდით თქვენ და ვიყავი რიგითი თანამშრომელი, თქვენი თანამოაზრე და გულშემატკივარი. დავიხარჯე ბოლომდე, …არ დამიზოგავს დრო, ენერგია, მონდომება და ამ მცირე დროში მაქსიმალურად გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები!“ – განაცხადა მან.
მალხაზ ბაზაძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოჩენილი თანადგომისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალურ ფონდს, რკინიგზის დეპარტამენტს, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორს, ეპარქიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ძალოვან და სამხედრო სტრუქტურას ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, პედაგოგებს, ქორეოგრაფებს, თეატრალურ დასს…
ანგარიშში 2015-2017 წლებში არსებული შემდეგი პრიორიტეტული საკითხები – საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემები და სოციალური სფერო იყო განხილული. „რომ არა ქველმოქმედისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უანგარო და უსაზღვრო ღვაწლი ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე – რითაც საჩხერე ბევრად წინ იყო და არის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით – ჩვენ გაცილებით მეტი და ურთულესი პრობლემები დაგხვდებოდა. ამიტომ ჩვენი გუნდის წარმატება პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა“ – განმარტა გამგებელმა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებისგან გაწეული სამსახურისთვის სამადლობელი მოისმინა.
მას ასევე მადლობის სიგელები გადაეცა მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელებისგან.
საუბრის დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ამომრჩეველს, ვინც 2014 წელს მას 83, 38 %-ით ნდობა გამოუცხადა, მან აქვე მუნიციპალიტეტის მომავალ მერს წარმატება უსურვა.
აღნიშნული შეხვედრა თვითმმართველობის კოდექსის გათვლისწინებით გაიმართა, რის მიხედვითაც გამგებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საზოგადოებას საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს.
ღონისძიებას თვითმმართველობის, აიპ-ების, შპს-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ძალოვანის ტრუქტურების, სავაჭრო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ასევე მალხაზ ბაზაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0