სოფელ კონჭკათში სახალხო დღესასწაული ,,კონჭკათობა” აღინიშნა

02/07/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტი, რომელიც სოფლების სახელობითი დღესასწაულების დაწესებას, ადგილობრივი ანსამბლების წარმოჩენასა და მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწეების გამოვლენას ითვალისწინებს, კონჭკათში წელს პირველად მოეწყო. გაიმართა გალა-კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. სპეციალურად ამ დღისთვის კონჭკათში მუსიკალური ნომრები ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,შემოქმედი “, „ურეკი“, „ზენაარი“, ,,კოლხა“ და ,,ფესვები“. გამოვლინდნენ კონჭკათის საპატიო მაცხოვრებლებიც: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის ტიტული მიენიჭა მირონ ტუღუშს, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო მოქალაქედ ზაზა სორიძე დასახელდა, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ჯილდო ნათელა გოთუამ მიიღო. საპატიო მოქალაქეებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა. „კონჭკათობა 2017“ გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის და ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0