ქართული სახარება “UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

06/12/2017

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO“-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს ეროვნულმა არქივმა „UNESCO“-ს 2016 წელს წარუდგინა. უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც. ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით. ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013); ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015): ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი). 2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0