„ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ – მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ლიდერებს რეგიონისთვის ამ რთულ დროს ერთიანობის ჩვენებისთვის და საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის. ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესიის ფონზე ევროკავშირმა მათ ასეთი ძლიერი სოლიდარობის ნიშანი გაუგზავნა. ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ავტომატური კანდიდატობის საგზაო რუკის განსაზღვრა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითზე მუშაობს, კარგად იცის, პოლიტიკურად, ისტორიულად და პრაქტიკულად რამდენს ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანებისთვის.
„ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“, – ასე შეაფასა ევროპულმა კომისიამ გუშინდელი, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო.
„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს. საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სტატუსის მიღების პირობა, ხოლო უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში, როგორც სტატუსის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად, სამივე ქვეყნის ამოცანაა ამ პირობების დაკმაყოფილება, იმისთვის რომ კანდიდატობის სტატუსი იყოს პირობების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ამ ისტორიულ მომენტში. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის ნაწილისთვის სენად ქცეული რადიკალიზმი მათ ამ ისტორიის დანახვის შესაძლებლობას უზღუდავს და ხელს გვიშლის ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო მშვიდობიანი განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების გზაზე მყარად დგას და ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას სწორედ ასე ხვდება. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი მზად არის ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ პრიორიტეტებზე მუშაობისთვის.
„როგორ ხვდება საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას? დღეს ქვეყანა მყარად დგას მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ აღიარებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლებში. ყველაზე მეტად, რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში მომავალ ექვს თვეში და მომდევნო წლებში ისევ და ისევ გათიშულობა, რადიკალიზმი, გაუტანლობა, დაპირისპირება, სიძულვილი და უიმედობაა. ამ ყველაფრის ნაცვლად, დღეს ყველაზე დიდი ევროპელობა და პატრიოტიზმი თანხმობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მომავლის რწმენაა. დღეს ევროპულობა და პატრიოტიზმი ერთი და იგივეა. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პარლამენტი მზად არის იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე საპასუხოდ, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.