115 ხმით, პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო

14/12/2017

115 ხმით, პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიღების შემდეგ პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი III მოსმენით წარმოადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კოლეგებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით გააცნო. მომხსენებელმა კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებიც კონსულტაციების შედეგად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საუბარია კანონის მე-16 და 33-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც პროექტში I მოსმენის შემდეგ შეიცვალა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წამყვანი კომიტეტის სახელით, კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხანგრძლივი კონსულტაციებისა, კომიტეტმა კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცა. „ფუნდამენტალური კონსულტაციები მიმდინარეობდა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის შესყიდვების ნაწილზე, შეთანხმება მოხერხდა, თუმცა დარჩა ორი საკითხი, რომლებზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და შესაბამისად, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეუთანხმებელ საკითხებზე – რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერზეც ისაუბრა და კომიტეტისთვის მიუღებელი მიდგომები განმარტა. კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა და ცალკეულმა დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს.
პლენარულ სხდომაზევე პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა II მოსმენით, მუხლობრივად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
დეპუტატები ასევე II მოსმენით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს გაეცნენ, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის I მოსმენის შემდეგ, მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ფრაქციის 9 ან მეტი წევრის ყოლის შემთხვევაში, დამატებით ერთი მოადგილის დანიშვნის საშუალება ეძლევა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით 4-ის ნაცვლად ფრაქციის თავმჯდომარეებს მაქსიმუმ მხოლოდ ორი მოადგილე ეყოლებათ. შესაბამისად ჩნდება 129 თანამდებობა, თუმცა ეს ცვლილება დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.
პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები და კანონპროექტები წარმოადგინა. მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო ხელშეკრულების“ სარატიფიკაციო დოკუმენტი და „პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“ ხელშეკრულება გააცნო. მანვე I მოსმენით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები წარმოადგინა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ კი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო კანონმდებლებს. ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია საჯარო მოხელეებიც იყვნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლების საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
პარლამენტის წევრები „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტს და მასთან თანდართულ პროექტებს II მოსმენით გაეცნენ, რომლებიც სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ წარმოადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0