კანადაში საქართველოს ელჩმა კანადის გენერალ გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კანადის გენერალ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს.

სიგელების გადაცემის ცერემონია, რომელსაც გენერალ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გენერალ გუბერნატორის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.

სიგელების გადაცემის შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა გენერალ გუბერნატორმა. მან აღნიშნა, რომ კანადა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ისაუბრა საქართველოს ელჩის დიპლომატიურ კარიერაზე და იმედი გამოთქვა, რომ კანადა-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა გენერალ გუბერნატორისა და ელჩის პირისპირ საუბარი, რომლის დროსაც მხარეები შეეხნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის თემებს, ასევე, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ​

Visited 117 times, 1 visit(s) today