ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ჯამალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ prof-news-ს ჯამალაშვილის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

“ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერებს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ხელყოფას. ჯერჯერობით პროკურატურასა და დაცვას შორის დოკუმენტების გაცვლა არ მომხდარა, შესაბამისად ჩემთვის უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო”, – განუცხადა prof-news-ს გიორგი ფოფხაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჯამალაშვილის შვილს, რომელიც წარსულში ძალოვან უწყებაში მუშაობდა და 2 წლის წინ კიბერდანაშაულისთვის იყო დაკავებული, ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას მასთან არავითარი პრეტენზიები არ აქვს.

“შვილი მაშინაც იყო ვირუსის ერთ-ერთი შემქმნელი, ასე მოიხსენიებოდა საქმეში. ასე რომ შვილთან ახლანდელი გამოძიება არანაირ კავშირში არ არის. შესაძლოა ვარაუდის დონეზე ჰქონდეთ დაშვებული, თუმცა დოკუმენტების დონეზე ვიცი, რომ შვილთან მიმართებაში პრეტენზია არავის აქვს”, – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილის გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა, თუმცა უწყებაში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

Visited 163 times, 1 visit(s) today